„მივესალმებით როგორც კორპორაცია „Hitachi“-ის, ასევე სხვა იაპონელი ინვესტორების შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, რისთვისაც ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონური კორპორაციის, „Hitachi“ უფროს ვიცე-პრეზიდენტ იასუო ტანაბესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ქობულიამ ცნობილი იაპონური კორპორაციის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა.
„უდავოა, რომ ჩვენი მთავრობის კურსი ბიზნეს გარემოს ლიბერალიზებისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით, სწორია, რადგან ჩვენი უცხოელი სტუმრის თქმით, ეს ფაქტორი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის. ჩვენ მივესალმებით როგორც კორპორაცია „Hitachi“-ის, ასევე სხვა იაპონელი ინვესტორების შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, რისთვისაც განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ „Hitachi“ შეისწავლის საქართველოს ბაზარს და კონკრეტული წინადადებებით დაგვიბრუნდება,“ – განაცხადა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის წარმომადგენელს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, საგადასახადო და საინვესტიციო კანონმდებლობა და ქვეყნის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, მშენებლობის, უძრავი ქონების, მრეწველობის და ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნულმა ინფორმაციამ იაპონური მხარის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„Hitachi“-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის იასუო ტანაბეს განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ბაზრის შესწავლაა.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და შესაძლებელია ამ უპირატესობით სარგებლობა. ასევე ვიცით, რომ საქართველოში მრავალი რეფორმა ხორციელდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისათვის,” - განაცხადა იასუო ტანაბემ.
მისი თქმით, “Hitachi” ძალიან დიდი კონგლომერატია და ბევრ ბიზნესსეგმენტს აერთიანებს. მათ შორისაა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, ენერგოსისტემები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საავტომობილო ნაწილები და სხვ.
„ამიტომ ვფიქრობთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოში და ვისარგებლოთ ამ რეფორმებზე ორიენტირებული პოლიტიკითა და მომგებიანი გეოგრაფიული პოლიტიკით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ციფრული გადაწყვეტილებები ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე და უზრუნველვყოთ ქართული ეკონომიკა შესაბამისი მომსახურებით, რაც ხელს შეუწყობს მის უფრო მაღალ დონეზე განვითარებას,” - განაცხადა კორპორაცია „Hitachi“-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.