2018 წლის 8 ნოემბერს „კრედიტინფო საქართველო“ საკრედიტო ქულისა და რეიტინგის ახალ მოდელს ნერგავს.
საკრედიტო ქულის სისტემა მუდმივად განიცდის გადახედვას და ქვეყნის საფინანსო სექტორში გასული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ტენდენციებიდან გამომდინარე მასში ცვლილებებიც ხორციელდება.
როგორც „კრედიტინფოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 და 2018 წლის პირველ ნახევარში საფინანსო სექტორში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა ზღვრული საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემის პირობები, ასევე დაიხურა რამდენიმე მსხვილი საკრედიტო ორგანიზაცია. ამ ცვლილებმა კი მოდელის გადახედვას დაუდო საფუძველი.
ორგანიზაციის ცნობით, მოდელის ცვლილების მიზანი, დაფიქსირებულ ტენდენციების ასახვაა, რათა საკრედიტო ქულისა და რეიტინგის სისტემამ ვალდებულების შეუსრულებლობის პროგნოზირების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.
„საკრედიტო ქულის მოდელში ამჟამად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: შეიცვალა სარეიტინგო სისტემის ცვლადების ხვედრითი წონები მთლიან კალკულაციაში; შეიცვალა საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი ქულების რაოდენობა, მაგალითად თუ ძველ მოდელში E3 რეიტინგის შესაბამისი ქულა იყო 0-დან 200-მდე, ახალ მოდელში ქულა მერყეობს 0-დან 189-მდე.
იხილეთ განახლებული ცხრილი:
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოდელის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება თქვენს ამჟამინდელ საკრედიტო ქულასა და რეიტინგში. კითხვების შემთხვევაში „კრედიტინფო საქართველო“ ეცდება, ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საკრედიტო ქულა და რეიტინგი დაფუძნებულია სტატისტიკურ მოდელზე. დაანგარიშების დროს გამოიყენება მხოლოდ საკრედიტო რეპორტში არსებული ინფორმაცია და არ გამოიყენება სუბიექტური მაჩვენებლები ან რაიმე სხვა ინფორმაცია,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.