„ლამბორგინიმ“ მოდელ „მურსიელაგოს“ წარმოება 2010 წელს შეწყვიტა, თუმცა ახლახანს ეს ავტომობილი ხელახლა დაიბადა.
ირანში, ქალაქ მთავრიზში, ენთუზიასტთა ჯგუფმა, რომელსაც ინჟინერი მასუდ მორადი ხელმძღვანელობს, სწორედ „მურსიელაგოს“ ასლი დაამზადა, ოღონდ V12 აგრეგატის ნაცვლად, ის „ჰიუნდაის“ წარმოების V6 ძრავით აღჭურვა.
ირანელებმა თავიანთი ავტომობილი-რეპლიკის შესაქმნელად, „მურსიელაგოს“ ორიგინალური ნახაზები გამოიყენეს. პროექტირების ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, მათი ავტომობილი, იტალიური სუპერქარის ზუსტი ასლია. და ასეთია არამხოლოდ მზიდი სტრუქტურა, არამედ ძარაც.
ირანულ გამოცემა Stnews-ის ინფორმაციით, ირანულ “ლამბოზე“ მუშაობა ოთხი წელი გრძელდებოდა. ამ დროის უმეტესი ნაწილი, ინჟინრებმა იტალიური კომპანიის ნახაზების შესწავლას მოანდომეს. ავტომობილის აგებისას, მათ უხვად გამოიყენეს კარბონის და სხვა ტიპის კომპოზიციური მასალები.
რაც შეეხება „ჰიუნდაის“ ძრავს, ესაა სერია „ლამბდას“ 3.8-ლიტრიანი V6, რომელსაც მოდიფიკაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი საბოლოო მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა. თუმცა მორადი იქადნის, რომ ირანული „ლამბოს“ სიჩქარე „თავისუფლად მიაღწევს“ 280 კმ/სთ-ს. ირანელებმა „ჰიუნდაისგან“ აიღეს ტრანსმისიაც და ელექტრონიკაც.
ცნობისათვის, ორიგინალური „ლამბორგინი მურსიელაგო“ აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც 670 ცხენის ძალას და 660 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 342 კილომეტრს აღწევს.
მორადი ამბობს, რომ მომავალში, მის ჯგუფს ავტომობილის უფრო დიდი და მძლავრი ძრავებით აღჭურვაც შეუძლია. ამის საშუალებას, კაპოტქვეშ არსებული სივრცე იძლევა. ის ამბობს, რომ V8 და V10 ძრავებს გულისხმობს. დაბოლოს, მორადი დასძენს, რომ ინვესტორის მოძებნის შემთხვევაში, მისი ჯგუფი წლიურად 50-100 ცალ რეპლიკას გამოუშვებს.