საქართველოში რიგით მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
ცნობისთვის, ცესკომ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3 692 (+ 11 სპეცუბანი) დათვალა. ბოლო შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63% (615 403 ხმა), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % (601 175 ხმა) მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა თანხა დაიხარჯა არჩევნებისთვის. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო.
აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,111,674 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის არჩევნების პირველ ტურზე, 7,238,050 ლარი უნდა დახარჯულიყო..
ცნობისთვის, წინა 5 იანვრის დადგენილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის 39,136,784 ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 28,272,634 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,002,300 ლარის დახარჯვა, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,242,850 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, 5 იანვრის დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯი 7,619,000 ლარი იყო გათვალისწინებული.