2018 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (22.7%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით.
ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 30 264 ერთეული შეადგინა. ამასთან, კვლევის თანახმად, მეორე კვარტალში თბილისს 167 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 336 ათას კვ.მ. შეადგენს.
„აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-15.2%), თუმცა მათი ჯამური ფართობი გაზრდილია (31.3%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში,“-აღნიშნულია პუბლიკაციაში.