ამერიკული კომპანიები ჩინეთიდან ოფისების გატანას ფიქრობენ

სამხრეთ ჩინეთში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ამერიკული კომპანიების 70 პროცენტზე მეტი, რომლებიც ჩინეთის სამხრეთ რეგიონებშია ბაზირებული, დაგეგმილი ინვესტიციების გადადებას, ან გაუქმებას აპირებს.

უფრო მეტიც, მათი დიდი ნაწილი, წარმოების ნაწილობრივ ან მთლიანად საზღვარგარეთ გატანაზეც ფიქრობს.

ამის მიზეზი, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესად დაძაბვა და სატარიფო ომია, რაც კომპანიების ბიზნესს ძლიერ აზარალებს. ისინი თვლიან, რომ ამერიკული კომპანიები გაცილებით მეტად ზარალდებიან, ვიდრე სხვა ქვეყნების კომპანიები. გამოკითხვაში 219 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან დაახლოებით მესამედი სამრეწველოა.

გამოკითხული კომპანიების 64 პროცენტი ამბობს, რომ ისინი წარმოების ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გატანას განიხილავენ. თუმცა მათგან მხოლოდ 1 პროცენტი აპირებს წარმოების შეერთებულ შტატებში გადატანას. მათი პარტნიორების მხოლოდ 50 პროცენტი ეთანხმება წარმოების სხვა ქვეყანაში გატანას. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამ კომპანიების 70 პროცენტზე მეტი, დაგეგმილ ინვესტიციებს დააყოვნებს, ან საერთოდ გააუქმებს.

„როიტერსი“ წერს, რომ სავაჭრო ომი აზიანებს კომპანიების მომარაგების აწყობილ სქემებს. მათი უმეტესობა სამხრეთ და სამხრეთაღმოსავლეთ ჩინეთში მუშაობს. ამერიკულ კომპანიებს სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევენ ვიეტნამური, გერმანული და იაპონური კომპანიები. ჩინური კომპანიები კი აცხადებენ, რომ მათ მზარდ კონკურენციას ვიეტნამური, ინდური, ამერიკული და სამხრეთკორეული კომპანიები უწევენ.

გამოკითხული ამერიკული კომპანიების დაახლოებით 80 პროცენტი აცხადებს, რომ სატარიფო ომმა მათი ბიზნესი დააზარალა. ამასთან, ამერიკული ტარიფები მათ ოდნავ მეტად აზარალებს, ვიდრე ჩინური. 85 პროცენტი აღიარებს, რომ მათ ორივე ქვეყნის მიერ გაზრდილი ტარიფები აზარალებს. ამასთან, ტარიფების ზრდა, სხვა ქვეყნების კომპანიების ბიზნესზეც უარყოფითად აისახება.

გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ტარიფების გარდა, მათ ბიზნესს სხვა ფაქტორებიც ართულებს. მათ შორისაა გაზრდილი ბიუროკრატია და საბაჟო გაფორმების პროცესის შენელება.