პირველად საქართველოში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი გაიმართება

7-8 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით ტარდება.

კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი. მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand). ასევე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეადან.

9 ნოემბერს საქართველოს უძველესი მეღვინეობის ადგილ-მამულში "შატო ზეგაანი", დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები, სადაც დეგუსტაცია-კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართება.

კონკურსი გაიმართება „ბიოლი“-ს სამედიცინო ველნეს-კურორტის ტერიტორიაზე. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი“, თანაორგანიზატორი „ღვინის მაღაზია რეზერვი“, მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ასოციაცია „ქართული ღვინო“. საკონკურსო ნიმუშების მიღება და შენახვა, ყველა ნორმის დაცვით, უზრუნველყოფილი იქნება „ღვინის მაღაზია რეზერვი“-ს მიერ.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებ-საიტს www.eawsc.com, ან დარეკონ ნომერზე +995 595 225552.

მონაწილეების რეგისტრაცია გრძელდება 31 ოქტომბრამდე, ნიმუშების მიღება - 3 ნოემბრამდე“, – აცხადებენ სააგენტოში.