საქართველოში მოქმედი სასტუმროების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში ვარსკვლავის მინიჭების მოთხოვნით საერთაშორისოდ აკრედიტებულ ორგანიზაცია UNION STAR-ს მიმართონ.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პროცედურის გავლა სავალდებულო არ გახდება და მხოლოდ სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ გავხსნით გზას და დავეხმარებით სასტუმროებს, რომ ნებაყოფლობით რეჟიმში მიიღონ საერთაშირისო აკრედიტაციის მიერ აღიარებული ვარსკვლავი. ეს მათ საიმიჯოდ დაეხმარებათ. თუმცა ვეჭვობ, რომ ქვეყანამ მიიღოს რაიმე მკაცრი რეგულაცია ამ კუთხით და ეს პროცედურა სავალდებულო გახდეს. UNION STAR-ს ესაა კომპანია, რომელიც 30-მდე ქვეყანაში ანიჭებს ვარკვლავებს სასტუმროებს. ვარსკვლავების მინიჭება სხვადასხვა მოდელით ხდება“, - აცხადებს ჩოგოვაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, დაგეგმილია კერძო სექტორთან შეხვედრები და სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება, რამდენად დიდია სასტურმოების სურვილი, რომ აკრედიტირებული ორგანიზაციისგან მიიღონ სტანდარტების აღიარება. ჩოგოვაძის თქმით, ამ დროისთვის არც ის ღირებულებაა განსაზღვრული, რაც სასტუმროებს აღნიშნული პროცედურა დაუჯდებათ.
„UNION STAR წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ. გავეცანით მათ შემოთავაზებას და მუშაობის სპეციფიკას. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ვარსკვლავების მინიჭების მიმართულებით დატვირთვა შეცვალა. როდესაც Booking.com-ზე ან TripAdvisor-ზე ნახულობს სასტუმროს მომხმარებელი, იქ მინიჭებული ვარსკვლავი ასახავს იმ შეფასებებს, რომელიც მათმა მომხმარებლებმა გააკეთეს. შესაბამისად, ვფიქრობ, მომავალში ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება და კონკრეტული ადამიანების შეფასებებზე იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ მომსახურების მიღების ავკარგიანობა“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოში სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების უკონტროლო და დაურეგულირებელ სისტემაზე გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობდა. ქეთევან მელაძე აცხადებდა, რომ საქართველოში სასტუმროზე ვარსკვლავების მინიჭების საკითხი მწვავედ დგას, რადგან რეალურად ვარსკვლავების მიმნიჭებელი ორგანიზაცია ქვეყანას არ ჰყავს.
„კაცმა არ იცის, ვინ როგორ და რა სტანდარტებით ანიჭებს ამა თუ იმ სასტუმროს ვარსკვლავს და შემდეგ იცავს თუ არა ის ორგანიზაცია შესაბამის სტანდარტს. ამ კუთხით აუცილებელია გარკვეული რეგულირება, რომ მომხმარებელმა იცოდეს, სად ვინ და რა მომსახურებას სთავაზობს და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს აღიარებული სტანდარტიდან გამომდინარე,“- აცხადებდა ჩვენთან საუბარში გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ქრისტინე გამთენაძე