საქართველოსა და მსოფლიოში დასაქმების ბაზარზე კონკურენცია იზრდება. შესაბამისად, მზარდია ის მოთხოვნები და კრიტერიუმებიც, რომლებსაც სამსახურის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს.თუ ერთხელ მაინც შესულხართ დასაქმების რომელიმე საიტზე, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ უცხო ენების, განსაკუთრებით კი ინგლისურის ცოდნას კომპანიები დამლაგებელს, მაღაზიის კონსულტანტს, მენეჯერს, ბუღალტერს თუ სხვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელს ერთნაირი წარმატებით სთხოვენ. შესაბამისად, თითქმის ყველა ოჯახში აქტუალურია საკითხი, თუ სად შეიძლება უცხო ენის შესწავლა მაღალ დონეზე. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა ბოლო პერიოდში, რომელ ენებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა და როგორია სწავლების მეთოდები.
დეტალებზე „ბიზნესპრესნიუსი“ 25 წლიანი გამოცდილების მქონე უცხო ენების თბილისის ცენტრალური სკოლა - „თისიესის“ დამფუძნებელს და დირექტორს ადელინა ჩუბითიძეს ესაუბრა.
-„თისიესი“ 1994 წელს დაარსდა. ეს იყო პერიოდი, როცა საქართველში სხვა სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებთან ერთად, ძალიან რთულად იდგა განათლების საკითხიც. არ არსებობდა უცხო ენების შემსწავლელი პროგრამები. თუმცა გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა ინგლისურ ენაზე. მაშინ კერძო რეპეტიტორად ვმუშაობდი და მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ვამზადებდი. გამიჩნდა იდეა, რომ ინვესტიცია განათლებაში ჩამედო. მქონდა შესაბამისი მცირე ფართიც, სულ 40 კვადრატული, თუმცა მაშინ ეს საკმარისი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. იდეამ ნამდვილად გაამართლა და დღეს უკვე ძალიან ბევრ წარმატებულ წელზე თუ კურსდამთავრებულზე შემიძლია საუბარი.
-აღნიშნეთ, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში გახსენით უცხო ენების შემსწავლელი სკოლა. რომელ ენებს ითხოვნდნენ მაშინ და ახლა რომელია განსაკუთრებით პოპულარული?
-მოთხოვნა ინგლისურ ენაზე 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველთვის იყო, არის დღესაც და მუდმივად იქნება. ჩვენ როცა სკოლა დავაარსეთ, იმ დროს პრაქტიკულად არ არსებობდა ენის სკოლები. მაშინაც და დღესაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ინგლისური ენა. დღეისათვის ტენდენცია მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ბოლო დროს ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა უცხოელებისთვის ქართული ენის შესწავლაზე. გვყავს სტუდენტები ამერიკიდან, კანადიდან, სირიიდან, იორდანიიდან, ირანიდან. უცხოელები ქართულთან ერთად რუსული ენის შესწავლასაც ითხოვენ. ქართველებისთვის კი ინგლისურის გარდა გვაქვს გერმანულისა და რუსულის ინტენსიური კურსები.-რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი თქვენთან უცხო ენის შესწავლა?
-ჩვენთან ასაკი შეზღუდული არ არის. წინასწარ გასაუბრებაზე დგინდება, ვის რომელი საფეხურიდან შეუძლია სწავლის დაწყება. გვყავს როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე აბიტურიენტები თუ უკვე დასაქმებული ზრდასრული მსმენელები.
-როგორია კურსის ხანგრძლივობა და როგორია ღირებულება?
-კურსის ხანგრძივობა ნებისმიერი ენის შესწავლის შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცამ შეიძლება ერთი საფეხური სამ თვეში გაიაროს, სხვას 4-5 ან 6 თვეს თვე დასჭირდეს. ჩვენთან მოსწავლეები უნარების მიხედვით არიან გადანაწილებული და ერთმანეთის ხარჯზე არ იჩაგრებიან. რაც შეეხება გაკვეთილების ხანგრძლივობას, უცხო ენის გაკვეთილი გვაქვს კვირაში სამჯერ - ერთი საათი. ფასები კი თვეში 120-დან 140 ლარამდე მერყეობს.
-მზარდი კონკურენციის პირობებში როგორ ახერხებთ სტაბილურ განვითარებას?
-კონკურენცია მართლაც მნიშვნელოვნად იზრდება. წლიდან წლამდე ბაზარზე ახალი სასწავლო პროგრამები თუ სკოლები ჩნდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა, რომელსაც სტაბილურად ვინარჩუნებთ. როგორც გითხარით, სკოლა 40 კვადრატულ პატარა ოთახში გავხსენით, მას შემდეგ ბევრი ადგილმდებარეობა გამოვიცვალეთ და დღეისათვის ხორავას ქუჩაზე მდებარე ჩვენს ცენტრში აბსოლუტურად ყველა პირობაა იმისთვის, რომ სტუდენტებმა უმაღლესი დონის განათლება მიიღონ. ჩვენი წარმატების ერთგვარი ფორმულა ისევ ჩვენივე წარმატებული სტუდენტებიდან და მათი კმაყოფილი მშობლებიდან მოდის. ვაგრძელებთ ყოველწლიურად განვითარებას და წინსვლას. გვყავს სერტიფიცირებული პედაგოგები. ჩვენი კურსდამთავრებულები კი ძალიან წარმატებით ახერხებენ ნებისმიერი საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებას.
-როგორც ვიცით „თიბისი ბანკის“ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობთ, რომელ ნომინაციაში ხართ წარდგენილი და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა თქვენი ბიზნესისთვის?
-ბიზნესდაჯილდოებას წელს პირველად დაემატა „წლის ქალი მეწარმის ნომინაცია“. სწორედ ამ ნომინაციაში ვიღებთ მონაწილეობას. ის მხარდაჭერა, რასაც „თიბისი ბანკი“ უკვე წლებია მცირე ბიზნესის მიმართულებით ახორციელებს, ჩვენთვის ნამდვილად დასაფასებელია.
ქრისტინე გამთენაძე
(R)