პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს.
კობერიძემ შესაბამისი ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე დააყენა. კობერიძის თქმით, მას კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც მხარს უჭერს. მისივე განმარტებით, საზოგადოების მოთხოვნებზე ეს მნიშვნელოვანი პასუხი იქნება.
„არჩევნების შედეგებით ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბევრ საკითხზე, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების პროცესში, არამედ მის წინა პერიოდში იყო გაჟღერებული, დაგვიფიქსირა „არა“. ჩვენ ვალდებული ვართ ეს მივიღოთ როგორც მოცემულობა, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის აზრი, გავითვალისწინოთ და შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. ერთ-ერთი საკითხი არის მარიხუანას კულტივირების საკითხი, რომელზეც საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაგვიფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება და რომელმაც ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე. ამ კანონპროექტის გაწვევა იქნება მნიშვნელოვანი პასუხი საზოგადოების მოთხოვნებზე", - განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორია შსს და პროცედურის თანახმად, ის უკან თავად შსს-მ უნდა გაიწვიოს.