თბილისში ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გამოსასწორებლად. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ჰაერის მტვრით დაბინძურება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა წარმოადგენს. ეს დღეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამის ჯგუფს დავალებული ჰქონდა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განეხორციელებინა. საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში, პარლამენტს გადავცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა იქნება, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.
რაც შეეხება თავად კანონპროექტს, თბილისის მერის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.
„ეს ის მიმართულებებია, რომელზეც სანქციები გამკაცრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაზეც ვთქვით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების სრულიად ახალი პარკი გვექნება. ასევე, ვსაუბრობთ მეტროს განახლებასა და მოწესრიგებაზე, სადგურების სრულ რეაბილიტაციაზე და მიწისზედა მეტროს პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, რომელიც მთლიანობაში, შედეგს მოგვცემს. იგეგმება საქალაქო პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი მოვლა-პატრონობაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზეც აიღებს, რომელშიც მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.