მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტის 28,6% სამომხმარებლო სესხებზე მოდის.
მისო-ების 2018 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, კომპანიებმა ჯამში 1,189 მლრდ ლარის მოცულობის სესხი გასცეს, საიდანაც ყველაზე მეტი - 340,7 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება, 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 329,4 მლნ ლარის სალომბარდე სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 189,2 მლნ ლარით დააკრედიტეს. საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსოების მიერ სულ 974 862 სესხი გაიცა.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, საანგარიშო პერიოდში გაცემულია 19,5 მლნ ლარის 805 ერთეული კრედიტი.
საქართველოს ეროვნული ბანკის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით, დღეს ბაზარზე 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით ნაკლებია. 2017 წლის სექტემბერში ბაზარზე 79 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.