„ლილოს მიმართულებით ტრამვაი-მატარებელი იმოძრავებს“

„ლილოს მიმართულებით ტრამვაი-მატარებელი იმოძრავებს“ - ამის შესახებ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ბაბუნაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დამირეკეს მერიიდან და მითხრეს, რომ 1. ნოემბრის ბოლოს პროექტირებაში იგულისხმებოდა ტექნიკურ-ეკონომონიკური კვლევა (very good) და 2. მეტროს კი არა, სწორედ ტრამვაი-მატარებელს აპირებენ (excellent). მეც შევთავაზე, რომ მოეწყოს საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც ტრანსპორტის და ურბანულ საკითხებზე მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ მერიას გაუზიარონ კითხვები და რეკომენდაციები პროექტის შესახებ. ძალიან კარგი იქნება, თუ ასე გამოვა",- წერს ბაბუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც მერიამ სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს გაყვანის პროექტზე განაცხადა, ურბანულმა ლაბორატორიამ მერიას დეტალური კვლევის ჩატარებისკენ მოუწოდა. მათი ცნობით, აღნიშნულ მიმართულებაზე მეტროს საჭიროება არ იყო და ბევრად ეფექტური იქნებოდა ტრამვაი-მატარებლის დანიშვნა.

„2016 წლის აპრილ-ივნისის თვეში Systra-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, დღეში ორხევი-ლილო-აეროპორტის ზონიდან ან ამ ზონისკენ გადაადგილდება ჯამში, 130,971 მგზავრი. მაქსიმალური საათობრივი დატვირთვა შეადგენს 8,673 მგზავრს (ორივე მიმართულებაზე). თითო მიმართულებაზე საათში 10-დან 22 ათას მგზავრამდე ნაკადების მომსახურებას უზრუნველყოფს ჩქაროსნული ტრამვაიც (LRT), მეტროს აშენებენ მაშინ, როდესაც მგზავრნაკადი უფრო მაღალია და ტრამვაის გამტარუნარიანობა უკვე აღარ არის საკმარისი. ან არსებული რელიეფი და განაშენიანება არ იძლევა სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტის შექმნის შესაძლებლობას. მოცემულ მიმართულებაზე კი, არსებული ნაკადის დასაკმაყოფილებლად, სრულებით საკმარისია სარკინიგზო ლიანდაგზე ჩქაროსნული ტრამვაის გაყვანა მეტროს მაგივრად,“-აღნიშნული იყო ურბანული ლაბორატორიის განცხადებაში.