გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.
სამინისტროს ინფორმაციით, დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.
ფერმერების ინტერსების გათვალისწინებით, ციტრუსის მოსავლის დაზღვევას სახელმწიფო პროექტში ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე მოახდენენ.
„აჭარის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის მოსავლის დაზღვევა. დაზღვევის პროცესის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და სადაზღვევო კომპანია „არდის“ წარმომადგენლები ქობულეთის რაიონის სოფლებში გაეცნენ. როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ ფერმერს, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, გაცემულია 12,170 პოლისი; პროექტში ჩართულია 7,460 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,395,237 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,432 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 84,929,988 ლარია.
„სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.