საქართველო „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა.
„მსურს გაცნობოთ, რომ „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. მიხარია, რომ იმ წლების განმავლობაში, რაც მე აქ ვარ, საქართველო იყო მე-16, შემდეგ გახდა მე-9, ახლა არის მეექვსე ადგილზე და ველოდები, რომ შემდეგ წელს ის უფრო მაღალ პოზიციაზე იქნება, როგორც ეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს ეკონომიკა პირველ ადგილზეა და ასევე ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო ათეულში.
როგორც თქვენთვის ცნობილია, „ბიზნესის კეთების“ რეიტინგი ფოკუსირდება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდება მცირე და საშუალო ბიზნესი 190-ზე მეტ ქვეყანაში, და უფრო ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნაზე მიმართულ რეფორმებს ადგენს. ამ რეიტინგის შესადგენად ჩვენ ბიზნესის რეგულირების ათი სხვადასხვა სფეროს მონაცემებს ვსწავლობთ. ესენია: საწარმოს შექმნა, მშენებლობაზე ნებართვის მიღება, ელექტრომომარაგების სისტემაში ჩართვა, საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, მინორიტარული ინვესტორების დაცვა, საგადასახადო დაბეგვრა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა და გადახდისუუნარობის გადაწყვეტა“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველო საკუთარ შედეგს აუმჯობესებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სურვილს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე მიმართული პროგრესული რეფორმები გაატაროს.