„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მე-6 ადგილზე დაწინაურებას ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ ძალიან მნიშვნელოვან შეტყობინებად მიიჩნევს.ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ აკეთებს.
მათ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები, რომლებიც ბიზნეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მხარდაჭერით სარგებლობდა, სრულიად ადეკვატურადაა ასახული რეიტინგის შედეგებში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, გრძელვადიან პერიოდში ეს რეფორმები მნიშვნელოვან წინსვლას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.
„ბიზნესის დაწყების სიმარტივით, საგადასახადო გარემოთი და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის პოლიტიკით საქართველო კვლავ უპირობო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით და ამ მიმართულებებით პოზიციების კიდევ უფრო გაუმჯობესება ქვეყანას კვალიფიციური ინვესტორებისათვის სულ უფრო მიმზიდველს ხდის.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოგების გადასახადის რეფორმა, რომელმაც საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმასთან ერთად საქართველო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის მასშტაბითაც კი ერთ-ერთ უნიკალურ ქვეყანად აქცია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნეს საზოგადოებასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწრაფი ტემპით განაგრძოს რეფორმების განხორციელება, რათა ერთის მხრივ საქართველომ შეინარჩუნოს მოწინავე პოზიციები, ხოლო მეორეს მხრივ კი აღმოფხვრილი იქნას ის ბარიერები, რაც ჯერ კიდევ აფერხებს ბიზნესის განვითარებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში.