ყოველი მეორე მანქანა ტექდათვალიერების მოთხოვნას ვერ პასუხობს.ცენტრებში დღეში 15-20 მანქანა მოწმდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ერთი შეხედვით, პრობლემა არ არის, თუმცა ხშირად მიდის საუბარი სისტემის გაუმართაობაზე, ამიტომ ტექდათვალიერების რეფორმას სპეციალისტები წარუმატებლად მიიჩნევენ. არის კორუფციის ნიშნებიც, რაც მაღალჩინოსნების პირად ინტერესებს უკავშირდება.
პირველი ოქტომბრიდან დღემდე საშუალოდ, 2000-მდე ავტომობილი შემოწმდა. ინსპექტირების ერთ-ერთ ცენტრში ამბობენ, რომ დღეში დაახლოებით 15-20 მანქანის გატარების შესაძლებლობა აქვთ. კომპანია „აირბალიონის" წარმომადგენელ ნოდარ რამიშვილის თქმით, შემოწმებისას ყოველი 10 მანქანიდან 5 სტანდარტთან შეუსაბამოა, თუმცა მათი უმეტესობა შეკეთებას ექვემდებარება.
„ყველა მძღოლმა მანქანის ხარვეზის შესახებ თვითონაც კარგად იცის, მაგრამ შემოწმების პროცესს მაინც მოუმზადებელი ხვდება. ჩვენ ვაძლევთ მითითებას და შემდეგ ცდილობენ მანქანების მწყობრში მოყვანას. 10 შემოსული ავტომობილიდან დაახლოებით 5 მოთხოვნას ვერ პასუხობს, თუმცა გამოუსწორებელი არაფერია. პრობლემას ადგილზეც ვაგვარებთ, თუკი მძღოლი ამის სურვილს გამოთქვამს. საბოლოოდ მაინც მანქანის შეკეთებას საკუთარ ხელოსნებთან ცდილობენ ან კომპანიებში, სადაც გაზის ბალონები დაუმონტაჟეს.
ბოლო 1 თვეში, საშუალოდ, 2000 მანქანა შემოწმდა, ხოლო წლის განმავლობაში სულ 7000-ია შემოწმებული. დღეში, საშუალოდ, 15-20 მანქანას ვამოწმებთ, დატვირთული გრაფიკია, მაგრამ სხვადასვა ცვლაში მუშაობენ ხელოსნები, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს", - ამბობს „რეზონანსთან" რამიშვილი.
თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პრობლემა სისტემაშია, რის გამოც ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდნის პირასაა. ასე ფიქრობს „ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. მისი აზრით, ტექდათვალიერების პროცესი გაუმართავია, რადგან უამრავი ხარვეზია გამოვლენილი. ეს რეფორმა საავტომობილო გზებზე არსებული ვითარებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ვერ შეძლებს.
„რეფორმამ არსებული ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხა, თუმცა აქ ერთი პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, იკვეთება პირადი ინტერესები გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან, რაც უკავშირდება ბიზნესსა და შემოსავალს. ქვეყნის მთავარი ინტერესი უკანა პლანზე აღმოჩნდა, რამაც უკვე დიდი პრობლემა შექმნა.
თურმე კორუფციის გზით ხდება პირდაპირ, უაპელაციოდ ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების სერტიფიკატების დარიგება, რაც რეფორმისთვის საბოლოო განაჩენია. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ რეფორმა ჩავარდა", - განუცხადა „რეზონანსს" ურუშაძემ.
არაერთი ხარვეზი გამოვლინდა დაგეგმარების პროცესშიც, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებიდან, დამთავრებული ტექინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციით.
„არაერთი ცვლილება მოხდა უშუალოდ სტანდარტში - ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების რეგლამენტში. მაგალითად, შემსუბუქდა გამონაბოლქვის ის სტანდარტი, რაც 90-იან წლებში გვქონდა – გამონაბოლქვში სწ-ს შემცველობა 0.3-დან 0.5-მდე გაიზარდა და მეორე შემთხვევაში 0.5-დან გაიზარდა 0.8-მდე. ფაქტობრივად, რაც უნდა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო ავტომობილი და ჰქონოდა გადაცდომა, ტექნიკურ დათვალიერებას მაინც გაივლიდა. ჩვენ რეალურად ვატარებდით ტექინსპექტირებას იმ მოტივით, რომ ამის სათქმელი გვქონდა საერთაშორისო დონეზე, მეტი არაფერი", - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური დათვალიერების მესამე ფაზა 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა. ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კბ/სმ ან მეტია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
მარიკა გოგოხია
გაზეთი „რეზონანსი"