უკრაინის მოსახლეობისთვის 1-ლი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური 1000 კბ/მ-ზე 23,5%-ით გაიზარდა და 8 550 გრივნა შეადგინა. (ერთი კბ/მ 80 თეთრი).
აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ მისი მთავარი კრედიტორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
„ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რათა ტარიფი გაგვეზარდა 60%-ით, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება და 1-ლი ნოემბრიდან გაზზე ტარიფი გაიზარდა 23,5%-ით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროსმანმა.
თუმცა ექსპერტების ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს არამხოლოდ გაზზე ფასების ზრდას მოსახლეობისთვის, არამედ მისი ფასის შესატყვისობას საბაზრო ღირებულებასთან. ფონდის წარმომადგენლები ითხოვდნენ ტარიფის გაზრდას იმპორტირებული პარიტეტის დონემდე. ფონდში მიაჩნიათ, რომ დიფერენცირებული სამომხმარებლო ფასი გაზზე მოსახლეობისთვის და მრეწველობისთვის ამ ქვეყანაში კორუფციის წყაროა და ქმნიან ბიუჯეტში ფარულ დეფიციტს. ამასთან, სამრეწველო ტარიფი გაზზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იზრდებოდა, 1-ლი ნოემბრიდან არ შეცვლილა და კვლავიდნებურად 1000 კბ/მ-ზე 13 439 გრივნას შეადგენს.
კოკა კვირკველია