ნავთობის ფასმა ისევ დაიკლო

გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების გამო, ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინში, ნედლი ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს.

ამის ფონზე, ენერგეტიკული ნედლეულის მოპოვების მოცულობა არ მცირდება, რაც ბაზარზე ჭარბ მიწოდებას იწვევს. ეს კი ფასებზე ზეწოლას აძლიერებს.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის იანვრის მიწოდების ფასი 0.61 პროცენტით, 74.58 დოლარამდე (შუადღისთვის) შემცირდა. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა კი 64.90 დოლარამდე დაიკლო.

ოქტომბერში ორივე ძირითადი მარკის ნავთობის ფასის კლება, 2016 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი იყო. კერძოდ, ბრენტი ბოლო თვის განმავლობაში 8.8 პროცენტით გაიაფდა, WTI-ს კლებამ კი 10.9 პროცენტს მიაღწია.

დღეს შეერთებული შტატების ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ნედლი ნავთობის საცავებში მარაგი, ზედიზედ მეექვსე კვირაა, რაც იზრდება. ამან კი ჭარბი მიწოდების მოლოდინი გააძლიერა. „ANZ რისერჩის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნავთობის მარაგის ზრდა, ფასებზე ზეწოლას შემცირების მიმართულებით ახდენს.

ყოველივეს მიუხედავად, „გოლდმენ საქსი“ კვლავაც ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ბრენტის ფასი 80 დოლარის სიახლოვეს იქნება. ბანკი განმარტავს, რომ ნავთობზე მოთხოვნის ხანმოკლე კლების მიუხედავად, ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მოსალოდნელზე მაღალია. ამას კი ჩინეთში მზარდი მოთხოვნა უზრუნველყოფს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) ოქტომბერში მოპოვება გაზარდა. ყველაზე მეტად მოპოვება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და ლიბიაში გაიზარდა, რამაც ბაზრიდან ირანის გასვლით გამოწვეული დანაკლისი გადაფარა.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ზრდის ფაქტი, თავის მემორანდუმში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა. ეს იმ დროს, როცა ჩინეთში სამრეწველო შესყიდვების ინდექსი შემცირდა, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების მანიშნებელია. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის შენელებას კი ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამოწვევა შეუძლია, რაც ფასის შემდგომ ვარდნას გამოიწვევს.