2017 წელს მსოფლიოში მილიარდერებმა იმაზე მეტი ქონება დააგროვეს, ვიდრე არასდროს.
შარშან მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქონების 8,9 ტრილიონ დოლარამდე გაზრდა მოახერხეს. ამის შესახებ მონაცემს შვეიცარული ბანკი UBS ავრცელებს.
ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მეოცე საუკუნის განმავლობაში, როცა მსოფლიო სიმდიდრის უმეტეს ნაწილს ისეთი ოჯახები აკონტროლებდნენ, როგორებიცაა როტშილდები და როკფელერები. ანგარიშის მიხედვით, თითქმის 100 წლის განმავლობაში აშშ-სა და ევროპაში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ბიზნესზე, საბანკო სფეროზე, პოლიტიკასა და ხელოვნებაზე.
ანგარიშში წერია, რომ მარტო გასულ წელს მსოფლიოს 2 158-მა მილიარდერმა საკუთარი ქონება 1,4 ტრილიონი დოლარით გაზარდა. ეს ავსტრალიისა და ესპანეთის მშპ-ზე მეტია. ამას კი ხელი შეუწყო საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ზრდამ, რომელიც კაპიტალის მაღალი ზრდის საშუალებას იძლევა. გასულ წელს მსოფლიოში ახლადგაჩენილი 179 მილიარდერიდან 40 მილიარდერი მემკვიდრეობით მიღებული ქონების შედეგად გახდა.
ექსპერტების ვარაუდით მომდევნო 2 წლის განმავლობაში მილიარდერების ქონება დამატებით 3,4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ამჟამად სიმდიდრის ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მილიარდერი მემკვიდრეებისთვის გადაცემული ქონება წლიურად 17%-ით იზრდებოდა და 2017 წელს 117 მილიარდს მაიღწია. მხოლოდ გასულ წელს 44-მა მემკვიდრემ მიიღო მილიარდზე მეტი ქონება.
დღეისთვის მსოფლიოში 70 წელს გადაცილებული 701 მილიარდერია, რომელთა ქონება მომდევნო 20 წლის განმავლობაში მემკვიდრეებზე გადავა ან ქველმოქმედებას მოხმარდება.
30 ყველაზე მდიდარი 70 წელს გადაცილებული ადამიანის ქონება კი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება, სხვა მილიარდერების ქონების ანალოგიურად, გაიზარდა. 2017 წლის დასაწყისში ყოფილი პრემიერი 5,45 მლრდ დოლარის ქონებას ფლობდა, წლის ბოლოს კი მისი ქონება 6,4%-ით, 5,80 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება 2018 წელს, Bloomberg-ის მიხედვით, იანვრიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ქონება 130 მლნ დოლარით, 5,80 მლრდ დოლარიდან 5,67 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ელზა წიკლაური
კოკა კვირკველია