რა ღირს მეორადი ბინები თბილისში და არის თუ არა მოთხოვნა ძველ სახლებზე

დედაქალაქში ყოველწლიურად სულ უფრო და მეტი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.ყველა კომპანია ცდილობს მომხმარებელს თანამედროვე და კეთილმოწყობილი ბინები შესთავაზოს. ამის ფონზე კი, ძველი საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ბინებზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება. სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის ღირებულებას შორის განსხვავება მინიმალურია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს თბილისში ძველი აშენებული ბინები და რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი.

უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით ვგებულობთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ძველი აშენებული (მეორადი) ბინის ფასი დაახლოებით 400 დოლარიდან იწყება. ისანი-სამგორში - 450 დოლარიდან, გლდანი-ნაძალადევის რაიონში კი ბინის კვადრატული ფასი 500 დოლარიდან იწყება. 550 დოლარიდან იწყება ბინის ფასი ძველ თბილისში და ყველაზე ძვირი ფასი ვაკე-საბურთალოს რაიონშია, სადაც ბინის ფასი 600 დოლარიდან იწყება.

ფასის ზრდა დამოკიდებულია ბინის ადგილმდებარეობაზე, ასევე როგორი რემონტი აქვს და რამდენად კეთილმოწყობილია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ფასებთან შედარებით შესაძლოა, ზოგიერთ ადგილას ნაკლებიც ღირდეს.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს „კიბეს“ დირექტორმა ნელი გოგუაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად ძველი ბინები ისევ მოთხოვნადია, ესაა ძველი თბილისი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მოსახლეობა ბინებს ტურისტული მიზნით იყენებს.

„ხრუშოვკებზე“ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ არის, ამ ტიპის ბინები არავის უნდა. გარდა ამისა, ხშირად იწუნებენ იმ სახლებს, სადაც ლიფტი არ არის. ზოგადად, ძველ ბინებზე მოთხოვნა ახალ აშენებულთან შედარებით მცირეა. ერთადერთი მოთხოვნა ძველ უბნებში - მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალაშია, ესეც იმიტომ, რომ ტურისტული ზონაა და ამ ძველ ბინებს ყიდულობენ არემონტებენ და „გესთ ჰაუსებად“ იყენებენ. თუმცა ტურისტული მიზნით თუ ყიდულობენ 150-200 კვადრატულ ბინებზეა მოთხოვნა.

ცენტრალურ უბნებში კი უფრო მეტად ახალ ბინებზეა მოთხოვნა. რაც შეეხება გარეუბნებს, თუნდაც ვარკეთილი და გლდანი, იმდენი ახალი და კარგი კორპუსები შენდება, რომ ურჩევნიათ ახალი ბინები შეიძინონ. ეს მაინც ბიუჯეტზეა დამოკიდებული შესაძლოა, ძალიანაც უნდოდეს ახალი ბინა, მაგრამ საკმარისი თანხა არ ჰქონდეს. თუმცა შესაძლოა, ძველ ბინასა და ახალ ბინას შორის ფასში დიდი სხვაობა არც იყოს, ამ შემთხვევაში არჩევანს, რა თქმა უნდა, ახალ ბინაზე გააკეთებენ.

ბიუჯეტსა და შეხედულებას გააჩნია, ზოგიერთს ახალი ბინები არ მოსწონს, რადგან თვლის, რომ მყარი არ არის", - განაცხადა გოგუაძემ.

ლიკა ამირაშვილი