„რეზონანსი" - 3670 სოფლისთვის მთავრობამ 20 მილიონზე მეტი ვერ გაიმეტა

სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, თუმცა დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს თანხა 3600-ზე მეტი სოფლისთვის ძალიან ცოტაა და დიდი შანსია, რომ დაგეგმილ პროექტებს არც კი ეყოს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი მთავრობა არამიზნობრივად დახარჯავს იმ თანხასაც რაც ბიუჯეტმა გაიმეტა, სოფლებში არაფერი შეიცვლება.

სასოფლო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა სოფლების განვითარებისთვის სრულებით არ არის საკმარისი. საქართველოში 3670 სოფელია და ის თანხა, რაც ბიუჯეტმა გამოყო, ძალიან ცოტაა. გამოდის, რომ თითო სოფელს, საშუალოდ, 5500 ლარი ერგება, რაც ელემენტარული პრობლემების მოგვარებისთვისაც კი არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ბევრი იქნება ისეთი სოფელი, რომლებიც დაფინანსებას საერთოდ ვერ მიიღებენ, რადგან მათი პროექტი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და ამ შემთხვევაში სოფლის მცხოვრებლებს მოუწევთ კვლავ არახელსაყრელ პირობებში განაგრძონ ცხოვრება ან საერთოდ დატოვონ მამაპასისეული საცხოვრისი.

ექსპერტი დავით ზარდიაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თანხა ნამდვილად მწირია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ამჟამად ქართულ სოფლებშია, თუმცა თვითმმართველობისა და სპეცპროგრამების ერთობლივი ამუშავებით გაცილებით ადვილად მოაგვარებს ინფრასტრუქტურულ საკითხებს.

„ეს არის მონაწილეობითი ხელშეწყობა, რადგან ამ თანხებით ელემენტარული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. თვითმმართველობამაც უნდა გამონახოს სოციალური კაპიტალი და ფინანსების გაერთიანებით შესაძლებელი გახდება სოფლების ფეხზე წამოყენება. საბიუჯეტო დაფინანსება მართლაც მწირია იმ მდგომარეობის გამოსაკეთებლად, რაც სოფლებშია.

ყველაფერი სოციალური პირობებიდან იწყება. მხოლოდ ერთობლივი ფინანსების გამონახვის შემდეგ მოგვარდება ის პრობლემები, რაც ძალიან აწუხებს სოფლის მცხოვრებლებს", - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა სოფლის მხარდაჭერისთვის გამოყოფილ 20 მლნ ლარზე და მისი განკარგვის ზოგიერთ კრიტერიუმზე. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება ან პროექტი არ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, თანხა მიიმართება რეგიონული განვითარების ფონდში და მუნიციპალურ საჭიროებას მოხმარდება.

„სოფლის განვითარების პროგრამაზე დადებითი და უარყოფითი შეფასებები მსმენია. იგი იყო მიმართული მცირეთანხიანი პროექტებისთვის და თვითონ მათი შერჩევის სისტემა იყო საინტერესო, რომელსაც უშუალოდ სოფლის მოსახლეობა არჩევდა სოფლის კრების გზით.

სწორედ ეს არის თვითმმართველობის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როდესაც გადაწყვტეილების მიმღები პირები არიან იმ სოფლების მცხოვრებლები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, პროგრამა ნამდვილად საინტერესო და აქტუალურია დღესაც. რადგან რეგიონებში მცირე პროექტების დაფინანსების ინტერესი თითქმის არ არის.

რეგიონული განვითარების ფონდიდან ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარი ან მეტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოფლებში არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროება – სკვერების მოწესრიგება, უბნების კეთილმოწყობა, შეკრების ადგილების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და ა შ. ამიტომაც ჩვენ ეს პროგრამა აღვადგინეთ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც იყო გათვალისწინებული მანამდე.

გარდა ამისა, პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ მივმართეთ, რაც მის ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად გაზრდის. ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება ან პროექტი არ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ეს თანხა უკანვე მიიმართება რეგიონული განვითარების ფონდში და ისევ მუნიციპალურ საჭიროებას მოხმარდება.

პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ. ჩვენ შევისწავლეთ ყველა არაეფექტურობა, რომელიც ამ პროგრამაში მანამდე იყო. დადებითი მხარე გათვალისწინებულია, ხოლო უარყოფითი და ნაკლებეფექტური მომენტები ასევე გათვალისწინებულია ამ პროგრამაში",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე მთავრობის წევრთა შემართებას არ იზიარებს. მისი აზრით, თანხა ძალიან მწირია და დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა.

ეს თანხა უნდა განიკარგოს ეფექტურად, რთულია ასეთი მცირე თანხის მორგება იმ პრობლემებზე, რაც დღეს აქვს საქართველოში სოფლებს. ინფრასტრუქტურის განვითარებით ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა შეიძლება, მაგრამ ეს არაფერს ეყოფა. მიზნობრივ განაწილებასთან ერთად, მთავარია ბიუჯეტიდან საჭირო თანხის გამოყოფა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას კობა კობალაძემ.

თეო გუდავაძე

გაზეთი „რეზონანსი"