„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება"

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქართველოში დღეს საბიუჯეტო პროცესი სრულად არის ჩამოშლილი.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ათვისებული იქნა მხოლოდ 9 მლრდ ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მლრდ ლარი, რაც წარმოუდგენელია. ეს არის სრული ჩავარდნა, რაც აქამდე ამ დოზით „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ეს არის ზვავი, რომელიც შეიძლება ამ ორი თვის მანძილზე თავზე ჩამოეშალოს მთავრობას, ამიტომ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება. ეს ხარჯები გადაიტანონ მომავალი წლის ბიუჯეტში, მოახდინონ ბიუროკრატიული და უსარგებლო ხარჯების კორექტირება. ეს ყველაფერი გამოიწვია საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეცდომებმა, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე ეროვნული ბანკის მთავრობის მორჩილებაში გადაყვანამ, შედეგად მივიღეთ არასტაბილური ლარი“, - განაცხადა გოცირიძემ.