დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს წარმატება ეფექტური და ადეკვატური მუშაობის შედეგია

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის Doing Business 2019-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 3 საფეხურით გაუმჯობესება უდავოდ დიდი წარმატება და იმ მიღწევების აღიარებაა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო ერთი წლის მანძილზე მიაღწია, ამავე დროს, მასში აისახა ის გამოწვევებიც, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა.

„ამდენად, ეს არის ახალი სამიზნე მაჩვენებლები, რომელთაც მომავალ წლებში უნდა მივაღწიოთ და უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად ვიმუშაოთ. პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის პრეზენტაციისას, ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლები, ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოში კარგი და ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო კლიმატია. სწორედ ისეთი რეიტინგების გათვალისწინებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკის Doing Business, ჩვენი განცხადებები ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შესახებ არ არის ლიტონი სიტყვები. ისინი გამყარებულია ავტორიტეტული რეიტინგებითა და საერთაშორისო კვლევებით. Doing Business - ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 3 საფეხურით გაუმჯობესება ერთობლივი კარგი მუშაობის შედეგია. პირველ რიგში, გამოვყოფდი მთავრობის მხრიდან ეფექტურ და ადეკვატურ მუშაობას,“ - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ბიზნესის მნიშვნელოვან როლზეც, რომელსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვს ქვეყნის სამთავრობო უწყებებთან, აწვდის მას ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც, საბოლოო ჯამში, „საქართველოში ბიზნესმეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“.