საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის მიჩნეული და ყოველწლიურად ვითარდება. წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობაც.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში 5%-ით გაიზარდა და ჯამში 892 463 ვიზიტორი შეადგინა.
საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. 2017 წლის სექტემბერში 491 578 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის სექტემბერში 536 302. სექტემბერში ყველაზე მეტი (185 759) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 138 790 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 119 036 ვიზიტორით.
9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, ტურისტების რაოდენობა 18%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, სულ 6.8 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 3.8 მილიონი იყო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოგზაური ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში ჩავიდა. სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი - ორიგინალური, ვიწრო ქუჩებით, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია-მონასტრებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტი მოგზაური ბათუმს ეწვია. ტურისტებს განსაკუთრებით აინტერესებთ - კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა.
ათეულში ასევე შევიდა მარნეული. შეიძლება ითქვას აქ არის კულტურების კვეთა, სადაც განსხვავებული ეროვნების ადამიანები მეგობრულად ცხოვრობენ.
საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი ჩავიდა. ტურისტებს ყველაზე მეტად ამ ქალაქის ისტორიული სიძველეები იზიდავს, როგორიცაა სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო და სხვა.
პოპულარობით სარგებლობს ყაზბეგიც, აქ ტურისტებს განსაკუთრებით გერგეთის სამება აინტერესებთ.
სტუმრებისთვის საინტერესოა გუდაური. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზამთრის კურორტად ითვლება, ის მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებლებს სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს სთავაზობს.
ძველი ციხე-გალავანი, ლამაზი სახლები, აგურით ნაშენი კედლები, რიყის ქვის ქუჩები და მარნები - სიღნაღში ყველაფერია, რაც მოგზაურებს იზიდავს. ამიტომაც ეს ქალაქი უცხოელებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
საქართველოს საპარლამეტო დედაქალაქ ქუთაისსას ბევრი სტუმარი სტუმრობს. ქუთაისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქია, სადაც ტურისტები სტუმრობენ - გელათის მონასტერს, ბაგრატის ტაძარს, წყალტუბოს გამოქვაბულებს და სხვა.
ათეულში ასევე შევიდა რუსთავი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს.
ათეულს ამთავრებს კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი თელავი. უგემრიელესი კერძები და ღვინო კახეთის სავიზიტო ბარათია და მაგნიტივით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს.
ლიკა ამირაშვილი