სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, პირველ რიგში, საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დაცვის პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები. აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.