ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
როგორც ქობულიამ აღნიშნა, საერთაშორისო კომპანია აწარმოებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით შემოწმება უკვე აწარმოა.
„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტყიბულის შახტაში სამუშაოები დროებით შეჩერდა.