კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 60 518 403 ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეს კი 21,7 მლნ ლარით მეტის წინა კვარტალთან შედარებით. ცნობისათვის, კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების 2018 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 21 973 882 ლარი. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ - 14 577 426 ლარი.
მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ - მან 2018 წლის 3 კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 10 458 413 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „კრედო“ - 4 072 214 ლარი. ტოპ-ხუთეულშია „ქართუ ბანკი“ - 2 516 354 ლარის შემოსავლით.
აღსანიშნავია, რომ ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.