„გადავედით აქტიურ ფაზაში და ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განვიხილავთ"

გადავედით აქტიურ ფაზაში და ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განვიხილავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველო რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გახდეს.

„გადავედით აქტიურ ფაზაში და ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განვიხილავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით, ჩვენი მეგობრები გამოეხმაურნენ და თავიანთი ინიციატივა დააფიქსირეს - 28 კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდა, რომ დავაჩქაროთ ჩვენ ამ ინიციატივის განხილვა. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს და მთელი რეგიონისთვის საქართველო ეკონომიკური ცენტრი გავხადოთ. სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მოლაპარაკების დასაწყებად კონგრესმენი პო იშველიებს იმ ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელიც ჩვენ ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით გვაქვს. ამავე დროს, მინდა დავეთანხმო ტედ პოს არგუმენტებს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.