პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2019 წლიდან შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გაზრდას ელოდება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანდაცვის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების წარმომადგენლები შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემაა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება.
“მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე პირველი ეტაპის მოსმენები ჩატარდა. ჩვენ მთავრობის მიმართ კონკრეტული შეთავაზებები და მოთხოვნები გვქონდა, რომ გარკვეული მიმართულებებით იმ ვალდებულებების რეალიზება მოხდეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ გვაქვს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მზრუნველობის საგანია. ასევე საუბარია მთელ რიგ საკითხებზე - დაწყებული ე.წ. მეორე ჯგუფის შშმ ადამიანებისთვის პენსიის მომატებაზე. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაყენეთ და პასუხს მოვისმენთ. ასევე უნდა მოხდეს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის გაზრდა, დღის ცენტრების საფასურის გაზრდა, რაც ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.