გიორგი ქადაგიძის პასუხი მამუკა ხაზარაძეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ხაზარაძე აღნიშნავდა, რომ "2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება".

„ბიზნესპრესნიუსი“ ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მხოლოდ ჯიუტი რიცხვები კომენტარის გარეშე:

თიბისი ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 594 მილიონი ლარი, საკრედიტო დაბანდება 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით 1,173 მილიონი ლარი (წლიური ზრდა 97%).

არაერთხელ მითქვამს, პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, მსხვილ ბიზნესს არასდროს არც ერთ ხელისუფლებასთან არ უჭირდა საკუთარი ინტერესების ლობირება (ცალკეული შემთხვევების გამოკლებით). აი, ვისი ხმაც არასდროს ისმოდა, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ადამიანები ვისთვისაც 20, 50 და 100 ათას ლარიანი ჯარიმა და საურავი გაკოტრების ტოლფასი იყო.

რაც შეეხება როგორი რეაქცია ქონდა ინვესტორებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ნაჩვენებია დიაგრამებზე. საერთაშორისო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც გაიზარდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად ცალსახად მიუთითებს ინვესტორების საერთო ოპტიმიზმზე.

პ.ს. ძვირფასო ჟურნალისტებო, ძალიან ძალიან დიდი პატივისცემით, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სულ ეს არის ჩემი კომენტარი ამ თემაზე,“-წერს ქადაგიძე.

bpn