პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის აზრით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარამდე გაზრდა, ბავშვებში უკიდურეს სიღარიბეს აღმოფხვრის.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამაზე 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
“მთავრობის ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო ბავშვთა სიღარიბის პრობლემის გამწვავებაზე, თუმცა იქვე აღნიშნული იყო, რომ სოციალური შემწეობის პროგრამა სიღარიბეს თითქმის ორჯერ ამცირებდა. მთავრობა ხუთჯერ გაზრდის დახმარებას და სოციალურად დაუცველ ოჯახებში ნაცვლად 10 ლარისა, თითოეულ ბავშვზე გამოყოფილი იქნება 50 ლარი. ეს 143 ათას ბავშვს ეხება, მათ შორის შშმ ბავშვებს. დამერწმუნეთ, ამით პრაქტიკულად აღმოვფხვრით უკიდურეს სიღარიბეს ბავშვებში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
„სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.