ბრიტანეთის კონსალტინგურმა კომპანიამ Brand Finance-მ მსოფლიო ბრენდების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგის სამეულში შევიდნენ ამერიკის, ჩინეთის და გერმანიის ეროვნული ბრენდები, მათი ღირებულება წლის განმავლობაში 23-დან 28%-მდე გაიზარდა.
კვლევის ავტორები თვლიან, რომ ქვეყნებში ამა თუ იმ ბრენდის ფინანსური მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც მის რეპუტაციაზე, თვითიდენტიფიკაციაზე, ასევე მის ხედვაზე აწმყოსა და მომავალზე. ასევე, მათი პოზიციით, ძლიერი ბრენდების არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის კეთილდღეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის.
რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკის ბრენდების ღირებულება ბოლო წლის განმავლობაში 23%-ით გაიზარდა და 25,9 ტრილიონი დოლარის ნიშნულს მიაღწია. მათივე განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა იზრდება სწრაფად და ეს ტემპი შენარჩუნდება მომდევნო თვეების განმავლობაში. გარდა მშპ-ს, ასევე იზრდება ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა სამომხმარებლო ხარჯები, მშენებლობაზე შეკვეთები, ავტომობილების წარმოება და სხვა. ეს ყველაფერი ერთად კი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.
მეორე ადგილს ინარჩუნებს ჩინეთი. ეროვნული ბრენდების რეიტინგში მისი ღირებულება გაზრდილია 25%-ით 12,8 ტრილიონ დოლარამდე. ჩინეთი საკმაოდ კარგ შედეგების დემონსტრირებას ახდენს, იმის მიუხედავად, რომ მას სავაჭრო ომი აქვს ამერიკასთან.
ჩინური ბრენდების აღმასვლა პირველ რიგში გამოწვეულია ისეთი ქალაქების განვითარებით როგორებიცაა პეკინი და შანხაი. ამ ქალაქებში კარგად არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სამუშაო ძალაც მაღალგანვითარებულია, - აღნიშნავენ რეიტინგის შემდგენელები.
ეროვნული ბრენდების რეიტინგში ღირებულების ზრდის ტემპის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გერმანიას - 28%-ით 5,1 ტრილიონამდე. ის ამ რეიტინგში მესამე ადგილზეა და ლიდერია ევროპის ქვეყნებს შორის. ის არის უპირობო ლიდერი ევროკავშირში და მსოფლიო არენაზე გააჩნია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური წონა.
ათეულში ასევე მოხვდნენ დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, კანადა, იტალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა.
კვლევის ექსპერტების ვარაუდით ქვეყნების განვითარებაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმს. თუმცა ამ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომ საჭიროა ბრენდებმა ძალიან ყურადღებით შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია კლიენტებს. მათივე აზრით აფრიკას გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით, თუმცა მისი ჩამორჩენა ამუხრუჭებს და აფერხებს ამ რეგიონისს პოტენციალის სრულად გამოყენებას.
ეროვნული ბრენდების რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია მათი ღირებულება ფულად გამოხატულებაში, მდგრადობა და ბრენდის განვითარება, ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური ფაქტორები, მათ შორის საინვესტიციო მაჩვენებლები, ტურისტული მიმზიდველობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა, წარმოება, მოხმარება და ეროვნული პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტი, ადამიანური კაპიტალი და სხვა პარამეტრები, რომლებიც გაერთიანებულია ოთხ ძირითად სეგმენტში.
კოკა კვირკველია