დანაპირები საუკუნის პროექტის განხორციელება ერთი წლისთავზე, შესრულების ფაზაშია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
„დღეს ზღვისუბანში ზეიმია. ნახევარი საუკუნეა 11 ჰექტრიანი თემქის ხევი ზღვისუბნის განვითარების შემაფერხებელი ბარიერი იყო. ერთი წლის წინ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩვენ დავპირდით მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას, დღეს აქ უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას პრობლემა გარდავქმნათ დიდ პერსპექტივად, აქ მოეწყობა საქალაქო მნიშვნელობის პარკი, ეს უკვე თბილისის განვითარების გენგეგმაში გავწერეთ. კვლევები, პროექტირება, რეკრეაცია, ეს დიდი წამოწყებაა, საუკუნის პროექტია. რაც მთავარია, საქალაქო მნიშვნელობის პარკის ზღვისუბანში არის რაიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, ზღვისუბნის დასახლების პრესტიჟულ, სიცოცხლით სავსე უბნად გარდაქმნის რეალური პერსპექტივა“, - განაცხადა ტალიაშვილმა.
ცნობისთვის, თემქის ხევი შუაზე ჰყოფს ზღვისუბანს, სადა ჩაედინება კოლექტორში მოქცეული მდინარე ხევძმარა, მასზე დაერთებულია სხვადასხვა კომუნიკაციები და მიწაყრილით არის დაფარული. ზედაპირი დაჭაობებულია და ასევე ნაგავსაყრელადაც გამოიყენება. შექმნილი მდგომარეობა დიდ დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას. 10 ჰექტარზე გაშენდება საქალაქო მნიშვნელობის პარკი.