სოციალურად დაუცველს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის. მისივე თქმით, შესაბამისი დადგენილება უმოკლეს ვადაში შემუშავდება.
„თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას და იწყებდა მუშაობას, ამას პროგრამა აფიქსირებდა და ეხსნებოდა სოციალური დახმარება. ეს დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება. ეს ხელს შეუწყობს სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.