საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალი შესაძლოა, გაიზარდოს.საქმე ეხება ხორცპროდუქტების ექსპორტს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ეკონომიკისა და თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა უკვე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ექსპორტის დაწყებამდე თურქი სპეციალისტები ქართულ ხორცკომბინატებში ფიტოსანიტარულ ნორმებს შეისწავლიან.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის თურქეთის ბაზარი ხორცპროდუქტების ექსპორტის თვალსაზრისით. კომპანიების ნაწილი ინიციატივას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თურქეთის ბაზრით აუცილებლად დაინტერესდება. ნაწილი კი ამბობს, რომ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვთ.
როგორც ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკეს“ გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი კომპანია ჯერჯერობით ექსპორტს მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებს, თურქეთის ბაზრით აუცილებლად დაინტერესდებიან.
„მე ვფიქრობ, ადგილობრივი წარმოების კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის ბაზარზე შესვლა. მართალია, ჩვენ თურქეთის მიმართულებით ხორცპროდუქტების ექსპორტს არ ვახორციელებთ, მაგრამ ვცდილობთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც და უკვე პატარა ნაბიჯები გადავდგით აზერბაიჯანის მიმართულებით. შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება თურქეთს, ჩვენი კომპანია ინიციატივით აუცილებლად დაინტერესდება “,-აცხადებს ლევან ჩხაიძე.
თურქეთის ბაზრის მიმართ ინტერესს გამოხატავს „ლიდერფუდიც“. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ხვიჩა ჯღუთაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამჟამად „ლიდერფუდი“ ექსპორტს არ ახორციელებს, თუმცა მზად არის ხორცპროდუქტები ნებისმიერი სახის შემოწმებაზე გაატაროს და თურქეთის ბაზარზე შევიდეს.
„კომპანიას აქვს ინტერესი, რომ თურქეთის ბაზარზე შვიდეს. ჩვენ შეგვიძლია თურქეთთან ვითანამშრომლოთ, როგორც სახელმწიფო, ისე კომპანიების დონეზე. ჩამოვიდნენ შეამოწმონ ხორპროდუქტების ხარისხი, საწარმო, სამუშაო პირობები, ჩვენ სრულიად მზად ვართ, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ექსპორტს საერთოდ არ ვახორციელებთ“,-აცხადებს ხვიჩა ჯღუთაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ხორცპროდუქტების ექსპორტის გაზდასთან დაკავშირებით განცხადება გიორგი ქობულიამ სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა, სადაც ის თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყეობის მინისტრს ბექირ პაკდემირლის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას. გიორგი ქობულიას განცხადებით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკვე დაავალა სპეციალურ სამსახურს, რომ საქართველოში გამოიგზავნოს კომისია, რომელიც წამყვანი ადგილობრივი ხორცკომბინატების ფიტოსანიტარულ ნორმებს შეისწავლის.
„ვვარაუდობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ სერტიფიცირებას და შეგვეძლება თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა“,-განაცხადა გიორგი ქობულიამ.