ფრანსუა პეშო - Doing Business - ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მთავრობის რეფორმების სისწორეს ადასტურებს

Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მთავრობის რეფორმების სისწორეს ადასტურებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეშომ განაცხადა.ის გამოეხმაურა Doing Business 2019-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას.

„ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას! ეს უზარმაზარი მიღწევაა. ის ადასტურებს მთავრობის რეფორმების სისწორეს, რაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კერძო სექტორის ზრდაზე დაფუძნებულ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ.

მისივე თქმით, სამომავლოდ ხელისუფლების ამბიციური რეფორმების გეგმის განხორცილება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, დიდი მნიშვნელობის იქნება უფრო მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, ასევე ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად.

საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა. საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით - ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება - საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.

საქართველომ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია 3 საფეხურით გააუმჯობესა.