ძიძიგურის შახტში პროტესტის ნიშნად დარჩენილმა მეშახტეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. გვიან ღამით ისინი შახტიდან ამოვიდნენ.როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ მინდია საპანაძემ განაცხადა, გუშინ შახტის ადმინისტრაციიდან და ტყიბულის მერიიდან აცნობეს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მოცდენის პერიოდში ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ და დეკემბრიდან შახტში საწარმო პროცესი სრულად აღდგება.
„ჩვენ ვენდობით შახტის ადმინისტრაციას და საპროტესტო აქციას ვწყვეტთ“, - განაცხადა მეშახტემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეების ნაწილი შახტიდან აღარ ამოვიდა. 25-მდე მეშახტე ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე იმყოფებოდა. ისინი ითხოვდნენ, შახტებში საწარმოო პროცესი აღდგეს და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.