ევროკავშირი ირანთან ფინანსური არხების შესანარჩუნებლად მუშაობს

ევროკავშირი ირანთან ფინანსური არხების შესანარჩუნებლად მუშაობას განაგრძობს.როგორც ევროკავშირის საგარეო მიმართულების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპას სურს ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მოიძიოს გზები, რათა ევროპულ კომპანიებს ირანში ლეგალურად მოქმედების საშუალება ჰქონდეთ.

„როგორც „საერთო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ მონაწილეები, ჩვენ ვემხრობით არსებული ფინანსური არხების ეფექტურად მუშაობის შენარჩუნებას ირანთან, მათ შორის ირანული ნავთობისა და გაზის ექსპორტის შენარჩუნებით. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას რუსეთთან და ჩინეთთან, ასევე სხვა მესამე პარტნიორებთან „საერთო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ შენარჩუნებისთვის. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირმა გააქტიურა ეს მიმართულება, მათ შორის ახალი მექანიზმის შესამუშავებლად, რომელიც გვერდს აუვლის ამერიკულ სანქციებს და საშუალებას მისცემს ევროპელ იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს განაგრძონ ლეგალური საქმიანობა ამ ქვეყანასთან“, - წერია დოკუმენტში.

ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს, რომ საკუთარი ქმედების პასუხად ირანისგან მოელის მისი წილი აღებული ვალდებულების შესრულებას „საერთო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.

როგორც ცნობილია, ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი მკაცრი სანქციები 5 ნოემბრიდან შევა ძალაში.

კოკა კვირკველია