Tesla ყოველკვირეულად ჩინეთის ქარხანაში 3 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ჩინეთში, ყოველკვირეულად 3 ათასი Model 3-ის წარმოებას აპირებს.

ამის მთავარი მიზანი კი ამერიკის მიერ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში არსებული ტარიფების ნეგატიური ეფექტის თავის არიდებაა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

სააგენტოს მოჰყავს ამონარიდი ინფორმაციიდან, რომელიც Tesla-მ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაში გააგზავნა. კომპანია მიმართვაში აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული ტარიფები ნეგატიურად აისახება მისი ელექტრომობილების Model S და Model X გაყიდვებზე ჩინეთში, ამიტომ აპირებს ახალ ქარხანაში მის სამოდელო გამაში არსებული ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის Model 3-ის პირველ ეტაპზე კვირაში 3 ათასი ერთეულის წარმოებას.

როგორც ცნობილია, Gigafactory 3-ის მშენებლობა შანხაის შემოგარენში გასულ თვეს დაიწყო და კომპანიას ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევს. საერთო ჯამში კი კომპანიის მიზანია კვირაში 10 ათასი Model 3 გამოუშვას, მათ შორის, ფრიმონტში მდებარე ქარხანაში 7 ათასი.

ამ დროისთვის Tesla-ს ელექტრომობილები მხოლოდ ერთ ქარხანაში ფრიმონტის ქარხანაში მზადდება, ხოლო მისი ელემენტების წარმოება ნევადას შტატში რინოში ხდება. 10 ივლისს კომპანიამ ხელი მოაწერა შანხაიში ახალი ქარხნის მშენებლობაზე, რომელშიც სამომავლოდ წლიურად 500 ათასი ელექტრომობილის გამოშვება იგეგმება. რაც შეეხება კიდევ ერთ ქარხანას, კომპანია მისთვის ადგილს ევროპაში არჩევს.

კოკა კვირკველია