საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს მასშტაბით, როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაციას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 8 943 ბოთლი „ფეირი“ და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა - ბოთლები და ეტიკეტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.