საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
საბაგირო გზის მშენებლობის მიმდინარეობას „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნენ.
„ახალი საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. საბაგირო გზით გუდაური-კობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ მოთხილამურეები, არამედ მოსახლეობაც შეძლებს.
ახალი საბაგირო გზა ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და მის მიმდებარე სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე სპორტ-სკოლის რეაბილიტაცია და გერგერთის სამებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაგეგმილია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც“, – აცხადებენ სამინისტროში.