Top-10 იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი - რას ყიდულობს საქართველო ყველაზე მეტს

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 19,1%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ათეულს, რომელიც წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ხორბალი და მესლინის იმპორტმა 86,6 მილიონი დოლარი შეადგინა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის სასაქონლო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზეა შაქარი, რომლის იმპორტმა 46,4 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე კი არის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - შინაური ფრინველი, ახალი, გაცივებული ან გაყინული, ამ ყველაფრის იმპორტმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 32,3 მილიონი დოლარის იყო შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი. ჯგუფში სხვა პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებლის იმპორტი 30,1 მილიონი დოლარი იყო. მზესუმზირის ზეთის, ალისარჩულისა ან ბამბის იმპორტმა 28,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

ათეულში ასევე შევიდა პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული, რომლის იმპორტი 28 მილიონი დოლარი იყო. ეთილის სპირტის იმპორტმა 24,9 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების იმპორტმა 22,3 მილიონი დოლარი. ათეულს ამთავრებს ღორის ახალი ხორცი, გაციებული ან გაყინულის იმპორტი, რომელმაც 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 20 მილიონი დოლარი შეადგინა. დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტმა კი 6,31 მილიარდი დოლარი შეადგინა.

bpn

ლიკა ამირაშვილი