როგორი იქნება განახლებული ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია (+ვიდეო)

ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო არეალში 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მოედანზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა კახა კაალძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება, რის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

„დაგვემატა რამდენიმე მისამართი, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 20-მდე მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთაგან ორი - ათონელის N9-N11-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს. აღნიშნული მონაკვეთი მუშთაიდის პარკიდან დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა,“-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარამდეა და მათი ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.