"საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერიდან ორმხრივი ურთიერთობა ახალ დონეზე განვითარდა"

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით აღვნიშნეთ ისტორიული პარტნიორობის დასაწყისი და ამით ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნა მიღწეული ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის სახით,- ამის შესახებ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმის თემატურ დისკუსიაზე “ვაჭრობა და ინვესტიციები” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ ორ ქვეყანას, რადგან საქართველოს გააზრებისას ყველამ რეგიონი უნდა წარმოიდგინოს.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის დღიდან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა სრულიად ახალ დონეზე განვითარდა და საუკეთესო მაგალითი გახდა საერთო ინტერესებისა და სარგებლის მქონე თანამშრომლობის სახით. 2017 წელს ჩინეთი საქართველოსთვის რიგით მე-3 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მე-5 უმსხვილესი საექსპორტო დანიშნულება გახდა.

ჩემი მიმართვის დასაწყისში ვახსენე და გავიმეორებ, რომ დიდი პატივია თქვენს წინაშე დღეს ჩემი გამოსვლა. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოზიცია ჩინეთის მთავრობის ინიციატივით ტარდება და რეგიონში სავაჭრო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გვწამს, რომ ეს ღონისძიება ყველას წაადგება და ვაჭრობის ხელშეწყობის ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდება, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის გლობალურ ვაჭრობას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზრის საშუალებით.

დღევანდელ ღონისძიებაზე 50 კომპანიაა წარმოდგენილი საქართველოდან. მათი პროდუქცია გამოფენილია ჩვენს ეროვნულ პავილიონში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, ქართულ კომპანიებს ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ გლობალური ვაჭრობის ნაწილი.

„ასეთი პლატფორმა დამატებით მუხტს სძენს გლობალური ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას, რადგან მთელ მსოფლიოში ხდება მწარმოებელთა წარმოჩინება და მხარდაჭერა. გლობალური ეკონომიკური წინააღმდეგობების ეპოქაში ასეთი ინიციატივა - ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოზიცია - ძლიერი კომპონენტია გლობალური ეკონომიკის დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც ასევე ახდენს მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებას. სწორედ ასეთი მომავალი წარმოგვიდგენია საქართველოსთვის - მდგრადი და გლობალურ ეკოსისტემებთან სრულად ინტეგრირებული ეკონომიკა, რომელიც დივერსიფიცირებული და ნაკლებად მოწყვლადი იქნება მცირე ერების ეკონომიკური სტაბილურობის წინაშე მდგარი საფრთხეების მიმართ“, - აღნიშნა ბახტაძემ.