დუშეთის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საზეიმოდ გაიხსნა.
საბავშვო ბაღი გათვლილია ერთ ჯგუფზე. მოწყობილია ცენტრალური გათბობის სისტემა, მოწესრიგებულია სველი წერტილები. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტი დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალ საბავშვო ბაღში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე დაწესებულებას 17 აღსაზრდელი ჰყავს.