Unicef-ი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების 5-ჯერ გაზრდის შესახებ,- ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე შანელ ჰოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს შანხაიში გაიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და Unicef-ს შორის თანამშრომლობაზე, რომელსაც ფონდი პოზიტიურად აფასებს. მთავრობის მეთაურმა Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“პატივს ვცემთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და გვახარებს ეს ფაქტი, რადგან კვლევა ჩატარდა ყველაზე მოწყვლადი ბავშვების შესახებ. ახლა უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რამაც ქვეყნის დარგობრივი პოლიტიკის ცვლილებებს შეუქმნა საფუძველი. მთავრობას ეყო გამბედაობა, შეეცვალა ეროვნული პოლიტიკა. ველით ამ გადაწყვეტილების შედეგად დადებითი გავლენის ხილვას საქართველოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებზე. საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთობა შესანიშნავია, რასაც დიდად ვაფასებთ. მადლობელი ვართ, რომ გვაქვს ბავშვების ინტერესების დაცვის შესაძლებლობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჭიროებების გამოვლენის შანსი. მთავრობა კი ძლიერია და გაჟღერებულ კრიტიკას იყენებს დარგობრივი პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან ხვდება, რა არის კარგი ბავშვებისთვის. ამდენად, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან”, - აღნიშნა Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
შანელ ჰოლის განცხადებით, Unicef-ი ასევე მოხარულია და ამაყობს საქართველოს მთავრობის გაბედული გადაწყვეტილებით, რომელიც მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტის განხორციელებას გულისხმობს.
“ვულოცავთ საქართველოს მთავრობას, რომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტს განახორციელებს. გაეროს ბავშვთა ფონდს ძალიან ახარებს ეს ფაქტი და გვსურს, ბავშვები ამ ინიციატივის ცენტრში ვიხილოთ. მხარს ვუჭერთ ინდივიდების ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო”, - განაცხადა შანელ ჰოლმა.