„რეზონანსი" - ასეთი ლარის კურსით ხელისუფლება არჩევნებს წააგებს

მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურადაც ვეღარ აკავებს.ქვეყანა სავალუტო კრახის წინაშეა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, არჩევნების მეორე ტურმა ლართან დაკავშირებული პროგნოზი თავდაყირა დააყენა. მომდევნო დღეების განმავლობაში ლარი კიდევ გაუფასურდება. საბოლოოდ ეს იწვევს მოსახლეობის აგრესიას, რაც არჩევნების შედეგზეც იმოქმედებს. ასე თუ წავიდა კურსი, ხელისუფლება არჩევნებს წააგებს. ფინანსისტები ადასტურებენ, რომ მთავრობა დაბნეულია და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომებს ვერ იღებს.

ამ დროს სებ-ის მხრიდან კეთდება განცხადება, რომ კურსის მერყეობას „სეზონურობა" განსაზღვრავს. საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი ამბობს, რომ ამჟამინდელი გაუფასურება იმპორტზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული, რაც ტრადიციულად საახალწლო პერიოდს უკავშირდება.

„მეოთხე კვარტალი ყველამ ვიცით, რომ არის დაძაბული პერიოდი ლარისათვის, რადგანაც არის საახალწლო მზადება საზოგადოებაში. ვემზადებით საჩუქრების საყიდლად, იმ პროცესებისათვის, რასაც ჰქვია ახალი წელი. ამიტომ იმპორტიორებიც შესაბამისად არიან მობილიზებულნი. დატვირთვა მოდის დოლარზე, ითხოვენ ვალუტას, რათა მარაგი შექმნან ზამთრისათვის გასაყიდად.

ყოველთვის არის დაძაბული პერიოდი. ამიტომ აქ რამე განსაკუთრებული პანიკის მიზეზი ან გარემოება, რომელიც შეიძლება იყოს დამალული, გამორიცხულია", - ამბობს სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი.

რა ფაქტორსაც არ უნდა დაბრალდეს ლარის გაუფასურება, ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი კატასტროფულად ცუდად მუშაობს, რასაც საფინანსო ბაზრის სპეციალისტი ნიკა შენგელია ადასტურებს. მისი ვარაუდით, დიდია რისკი, რომ კურსი 2,80-იან ნიშნულს გასცდეს.

„არჩევნების მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გვქონდა ზუსტი პროგოზი, რომ 20 დეკემბრიდან დაიწყებოდა ლარის გამყარება, მაგრამ ახლა ამის თქმა შეუძლებელია. მთავრობა აჩერებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხის გამოყოფას, რომ ლარის მასა არ გაიზარდოს; ეროვნული ბანკი რეზერვიდან აღარ უშვებს ბრუნვაში ლარს, რათა კურსი არ გაუფასურდეს, მაგრამ ამას კარგად ვერც ერთი ახერხებს და ვერც - მეორე.

არჩევნების მეორე ტურმა ლარი, ფაქტობრივად, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანა. ერთადერთი, რაც ჩვენ სასიკეთოდ მოქმედებს, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის შესუსტებული პოზიციაა, მაგრამ ასეც დიდხანს არ გასტანს. 8 ნოემბრიდან, 90%-იანი ალბათობით, ველოდებით დოლარის ისევ გაძლიერებას. ამდენად, ლარს რთული პერიოდი უდგას.

ასეთ ვითარებაში მთავრობა შეეცდება, 2,75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს კურსი, მაგრამ ეს არა მგონია, მოახერხოს. ლარს უკვე ხელოვნურადაც ვერ აჩერებენ. ლარზე მკვეთრი ზემოქმედება უნდა მოახდინონ, რომ კურსმა 2,75-ს არ გადააჭარბოს. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ფაქტორი მოიხსნება.

რეალობა კი უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ კურსი 2,80-ს არ გასცდეს. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან ცუდად მუშაობს", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.

მისი ვარაუდით, კურსმა გამყარება შეიძლება, 20 დეკემბრიდან დაიწყოს, მაგრამ მანამდე საკმაოდ რთული პრობლემაა დასაძლევი.

„სებ-მა ფულად-საკრედიტო სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, სადაც ლარის დევალვაცია დაბრალდა რეგიონული ვალუტების გაუფასურებას, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის, მეზობელი ქვეყნების ვალუტები კარგა ხანია, მყარდება, მაგრამ ლარის საშველი არ ჩანს. ჩემი ვარაუდით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში 2,75-ს არ უნდა გასცდეს კურსი, ცხადია, მაგრამ ამ პროცესში ხელოვნურად უნდა ჩაერიონ. 2019 წლის იანვრიდან ჩვენ კურსი გათვლილი გვაქვს 2,59-ზე, ცდომილება შეიძლება იყოს 2,5 პუნქტი.

არჩევნების მეორე ტური რომ არა, ლარის კურსს 15 ნოემბრამდე უნდა „დაეტესტა" 2,80-იანი ნიშნული, ამ პერიოდში მას აქვს პიკის მიღწევის პერიოდი, ტყავში გაძვრებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ნიშნულზე არ ავიდეს კურსი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება სავალუტო კრიზისს გადაჰყვება და არჩევნებში მოგება სერიოზულად გაუჭირდება", - ამბობს ნიკა შენგელია.

იმისათვის, რომ კატასტროფული შედეგი არ დადგეს, მთავრობა გაცვლითი კურსის ფორმირების პროცესში ჩარევას დაიწყებს. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ადასტურებს, რომ ლარისათვის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია.

„პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კურსი ძალიან მგრძნობიარეა და დამოკიდებულია სავალუტო ბაზრის მონაწილეებზე – ვინ როგორ იმოქმედებს კურსის ფორმირების პროცესში. ეკონომიკური პარამეტრების გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია. ალბათ, უფრო განწყობა და მოლოდინია, რაც პოლიტიკურ სიტუაციასთან კავშირშია.

ვფიქრობ, რომ არჩევნების მერე, წესით, ცოტათი დასტაბილურდება ლარი. განსაკუთრებული მიზეზი ამ პერიოდისათვის არ არის, რამაც შეიძლება, კურსზე კონკრეტული ზეგავლენა მოახდინოს. ჩვენი ვალუტა რომ სამკურნალოა, ცხადია და ამას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. არჩევნების შემდეგ ეს ეიფორია გავა და ყველა ნახავს რეალობას.

ახალი წლის წინ ყოველთვის ცვლილებებია სავალუტო ბაზარზე. ჩემი მოლოდინით, უნდა დასტაბილურდეს კურსი არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, 2,70-ის ფარგლებში. შესაძლებელია, რომ ხელოვნური ზემოქმედება მოხდეს ლარზე. წესით, ბაზარი სპეკულაციური თავდასხმისაგან უნდა იყოს დაცული, არის ამის მექანიზმი, მაგრამ სებ-ს ჯერჯერობით არ გამოუყენებია და ლარი ნებაზეა მიშვებული", - ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ხომიზურაშვილი.

საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მიმდინარე სავალუტო პროცესებთან გამკლავება გაუჭირდება.

„ნეგატიური პოლიტიკური ფონია, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის. საეჭვოა, ასე დიდხანს გაგრძელდეს, რადგან კურსს მაინც მაკროეკონომიკური წონასწორობა განსაზღვრავს. პოლიტიკური ფაქტორის გავლენა თანდათან შესუსტდება. ახლა მოდის ის პერიოდი, როცა იმპორტი მატულობს, თავისთავად ცხადია, კურსზე წნეხი დიდი იქნება, რადგან იმპორტიორებს სჭირდებათ უცხოური ვალუტა და მოთხოვნა გაჩნდება.

გარდა ამისა, დაახლოებით 3 მილიარდია დასახარჯი ბოლო 2 თვეში, რაც კურსზე უარყოფითად იმოქმედებს და გაუფასურება გარდაუვალია. ძალიან ცუდ დღეში არიან, საეჭვოა, მთავრობა და სებ-ი ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ", - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"