ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 611,152 შეადგინა, ზრდა 8.5%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.1%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ: რუმინეთი +132%, შვედეთი +92%, ნიდერლანდები +63%, ლატვია +62%, პოლონეთი +51%, გერმანია +41%, იტალია +37% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +77%, ჩინეთი +60%, ა შ შ +50%, ბელარუსი +35%, ყაზახეთი +34%, საუდის არაბეთი +30% და სხვა.

2018 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოში 7,507,517 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,258,261 შეადგინა, ზრდა +12.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,179,323 შეადგინა, რაც 621,783-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.5%)

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-ოქტომბერი)

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+23.7%), აზერბაიჯანიდან (+10.3%), სომხეთი (+0.2%) და თურქეთიდან (+14.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ: ესტონეთი +85%, რუმინეთი +65%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +59%, გერმანია +51%, ესპანეთი +47%, ლატვია +44%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, იტალია +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +125%, ჩინეთი +84%, ბელარუსი +45%, ქუვეითი 34% და ისრაელი +32%.

2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელდა 7,902,509 ვიზიტი. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს შეადგენდა. 2017 წელს მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ +154% შეადგინა.