საქართველოში რითეილერთა ასოციაცია დაფუძნდა

საქართველოში რითეილერთა ასოციაცია შეიქმნა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განუცხადა, ორგანიზაციაში წვრილი მეწარმეები, რითეილერები გაწევრიანდებიან. ელენე ზაუტაშვილის თქმით, ასოციაციის შექმნის ძირითადი მიზეზი კი ახალ რეგულაციებზე სწორად მორგება (თამბაქოს რეალიზაცია) და მცირე მეწარმეებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებაა. 

რითეილერთა ასოციაცია 2018 წლის 29 ოქტომბერს დაფუძნდა. ორგანიზაციის შექმნის მიზეზი ის ახალი რეგულაციები გახდა, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ამოქმედდა. ელენე ზაუტაშვილი ამბობს, რომ ყველა მცირე მეწარმეს, რომელთაც ამ მიმართულებით დახმარება დასჭირდებათ, ასოციაცია აუცილებლად აღმოუჩენს მხარდაჭერას.

„ჩვენ ვიქნებით შუამავლები იმ ოფიციალურ პირებთან, რომელთანაც მცირე მეწარმეები შეხვედრას და კონკრეტულ დეტალებზე საუბარს ვერ მოახერხებენ. შევეცდებით, რომ დავეხმაროთ მათ პრობლემების გადაჭრაში. ჩვენი მისია იქნება, რომ ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია მეწარმეებს, ესა თუ ის რეგულაცია კონკრეტულად რას გულისხმობს, შევეცდებით, ისე დავულაგოთ სიტუაცია, რომ არ დაჯარიმდნენ“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

რითეილერთა ასოციაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. უახლოეს დღეებში კი ამოქმედდება ვებ-გვერდი და ონლაინ-ჩატი, დაიწყებს მუშაობას სპეციალური ცენტრიც, სადაც მცირე მეწარმეები ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს.